ბათუმში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 6 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია
ბათუმში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 6 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. მათ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი.
პაციენტს სასწრაფო-სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა დახმარება ბინაზე გაუწიეს. 60 წლამდე ქალს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებდა. ინფიცირებულმა, მუცლის არეში ძლიერი ტკივილის გამო, კიდევ ერთხელ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რა დროსაც მედიკოსებმა ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს სამედიცინო დახმარებას მედპერსონალი პირბადეებითა და ხელთათმანებით აღჭურვილი უწევდა, ისინი მაინც თვითიზოლაციაში რჩებიან.
60 წლის ქალს კორონავირუსი წუხელ დაუდასტურდა. იგი ბათუმში მცხოვრებია. მას არ ჰქონია ცხელება და სხვა საეჭვო სიმპტომი. იმყოფებოდა ორ სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში. მიმდინარეობს კონტაქტების ძიება.
დღეის მონაცემებით, ბათუმში, კლინიკა ,,მედალფაში“ კორონავირუსით 10 პაციენტი მკურნალობს. 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კრიტიკულია 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. ცხელების ცენტრში 7 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი