პოლიციამ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, კიდევ 112 მოქალაქე დააჯარიმა(ვიდეო)

პოლიცია  ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ 112 მოქალაქე დაჯარიმდა.

“პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულებისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 112 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 28 მოქალაქე დააჯარიმეს.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27 პირი დააჯარიმეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები