სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, მონიტორინგის მიზანი ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის საკითხის გამოსასწორებლად ინფორმაციის მიწოდებაა.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შექმნილია სპეციალური საკარანტინო სივრცეები, სადაც პირთა სავალდებულო მოთავსება ხდება. დღეის მდგომარეობით, 5000-ზე მეტი პირია კარანტინის რეჟიმში. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, გვსურს, შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის (მათ შორის, ფსიქოლოგიური) უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია. მონიტორინგის მიზანია ინდივიდური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად.
თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ამჟამად იმყოფებით საკარანტინო სივრცეში და გაქვთ სურვილი და დრო, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ზემოაღნიშნული საკითხების გარშემო, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან გასაუბრება კონფიდენციალურია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები