სალომე ზურაბიშვილი: მინდოდა, გამეზიარებინა ამონარიდი სულხან-საბას ლექსიკონიდან და ეს სალანძღავიც კი გახდა, არაფერია, მივეჩვიე ამას
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან მის მიერ გავრცელებულ ამონარიდს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აჟიოტაჟის შექმნა არ უნდოდა, მისი მიზანი ცოტაოდენი განმუხტვა იყო.
“უკაცრავად გუშინდელი ჩემი უნებლიეთ შექმნილი აჟიოტაჟისთვის. მინდოდა, გამეზიარებინა მართლაც უაღრესად მდიდარი ენის ნიმუში და საინტერესო ამონარიდი სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან…
ამ მძიმე დღეებში მიმაჩნდა, რომ ცოტაოდენი განმუხტვა გვჭირდებოდა და მინდოდა, ბიძგი მიმეცა სხვისთვისაც საკუთარი წაკითხული წიგნიდან, ასევე, გაეზიარებინა რამე აღმოჩენა. თურმე, ეს გაუგებარი ყოფილა და … სალანძღავიც კი გახდა.
ეს არაფერი, ამას მივეჩვიე და ამით ვეღარ გამაკვირვებთ.
უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ საკუთარი ქართული ენის გამო სულხან-საბა გაილანძღა და ტელეგადაცემის უცნობი გმირიც გახდა. ეს კი, თავისთავად, კარგი შედეგია. ტელესკოლამ ეს უნდა აიტაცოს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა გუშინ სოციალურ ქსელში სულხან-საბას ლექსიკონიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.