„სააკაშვილი ისევე ფიქრობს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, როგორც 2008 წლის ომის დროს – IMTD Georgia

„ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს მის მიერ არალეგალურად და იარაღის უკანონო ვაჭრობით მოპოვებული თანხებით პოლიტიკურ ბრძოლაში ჩააბას ჩვენი თანამემამულეები, როდესაც მთელი კაცობრიობა ებრძვის კორონავირუსს” – ნათქვამია მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების ავტორები სააკაშვილის განზრახვას ევროპაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსასყიდლოდ დაბრუნების შესახებ მორიგ დემაგოგიად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ იგი ისევე ფიქრობს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, როგორც 2008 წლის ომის დროს.

ამასთან, მათი თქმით, ქართული სახელმწიფოსათვის ამ მსოფლიო პანდემიის ჟამს უმოქმედობის დაბრალება ყველაზე უსინდისო პოლიტიკური სპეკულაციაა, რაც ჭეშმარიტად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის სტილია.

„გვინდა მივმართოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, არ წამოეგოთ ნაცმოძრაობის პროვოკაციაზე და მავნებლობის მსხვერპლი არ გახდეთ. ასეთ მტკივნეულ საკითხებზე პიარის გაკეთება და მთელი მსოფლიოს უბედურების საკუთარ პოლიტიკურ მიზნებით გამოყენება ყველაზე დაბალი დონის სპეკულაციაა პოლიტიკურ სარბიელზე. მაშინ, როდესაც უამრავი ჩვენი მოქალაქე, საზღვარგარეთ მძიმე პირობებში აღმოჩნდა, ამ დემაგოგიის ნაცვლად შეუძლია მათთვის ელემენტარული და ძირითადი დახმარების გაწევა – საკვებით, თავშესაფრით და ნაცვლად უფასო ფრენების არარეალისტური დაპირებისა, „ფრენებზე დასახარჯი თანხა” ექს-პრეზიდენტს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისკენ მიემართა. მოვუწოდებთ მიშა სააკაშვილს და მის იარაღის გამყიდველ ბიძას, საბჭოთა კგბ-ს ცნობილ ოფიცერს, თემურ ალასანიას, თუ უნდათ საკუთარი მილიარდები ქართველ ემიგრანტებს მოახმარონ, დაუკავშირდნენ ქართული დიასპორის ლიდერებს ნიუ იორკში – ბატონ ნიკოლოზ ჩხეიძეს და ქართველ ექიმებს ამერიკაში და ევროპაში და დაეხმარონ ქართულ ემიგრაციას მატერიალურად. შეწყდეს ქართველი ხალხის მოტყუება უსინდისო პოლიტიკოსების და იარაღის გადამყიდველების მიერ! კმარა მისი დანაშაულები 2008 წელს, როდესაც იგი არარსებულ ყუმბარებს მშიშარა კურდღლივით ემალებოდა და მოსახლეობა გაწირა დაუნდობელი დაბომბვისათვის! – ნათქვამია ვრცელ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი – IMTD Georgia

IMTD-Georgia-ს განცხადება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივ საქციელთან დაკავშირებით

გასულ კვირას, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააჟღერა მორიგი დემაგოგიური და ტყუილებით გაჯერებული განზრახვა, რომ აპირებდა ევროპაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას და მათ სამშობლოში უსასყიდლოდ დაბრუნებას.

აღნიშნულ განცხადებას – როგორც მოსალოდნელი იყო – თბილისში მხარი აუბა „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიპმა, და მოქალაქეებს მოუწოდეს ე.წ. სპეციალური ფორმების შევსებებისკენ, რაც თითქოსდა გახდებოდა მათი საქართველოში დაბრუნების საფუძველი.

აღნიშნული, ცრუ დაპირებები მყისიერად აიტაცა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ‘მთავარმა’ მედიამაც და ინტენსიურად „დაატრიალა” საეთერო სივრცეში, რამაც გამოიწვია ჩვენი ბევრი კომპატრიოტის მიერ ამ უფასო რეისების მოთხოვნა. საუბედუროდ, უნდა აღინიშნოს რომ იმის მაგივრად რომ ნამდვილად დაეხმაროს საზღვარგარეთ მოქმედ ემიგრანტების ორგანიზაციებს სამედიცინო და სხვა ლოჯისტიკური დახმარების აღმოჩენაში და ქართული დიასპორის გაძლიერებაში, ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს მის მიერ არალეგალურად და იარაღის უკანონო ვაჭრობით მოპოვებული თანხებით პოლიტიკურ ბრძოლაში ჩააბას ჩვენი თანამემამულეები, როდესაც მთელი კაცობრიობა ებრძვის კორონავირუსს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა ამ მეთოდით – არის ყველაზე უსინდისო საქციელი, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია ჩაიდინო ასეთ სიტუციაში. პოლიტიკური პარტიის საქმე არ არის ამგვარი საგარეო-პოლიტიკური ქმედებების განხორციელება და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არავინ დაელაპარაკება სერიოზულად ასეთ საკითხზე – თუ ის არ წარმოადგენს ხელისუფლებას ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომაც, ასეთ მტკივნეულ საკითხებზე უბრალოდ პიარის გაკეთება და მთელი მსოფლიოს უბედურების საკუთარ პოლიტიკურ მიზნებით გამოყენება გახლავთ ყველაზე დაბალი დონის სპეკულაცია პოლიტიკურ სარბიელზე.

სამწუხაროდ, ეგრეთწოდებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დაიწყო საქართველოში დასაბრუნებელი „ანკეტის” შევსება-მიწოდების სრულიად უსაფუძვლო პროცესი, მიუხედავად მთავრობის მოწოდებისა და გაფრთხილებისა, რომ მსგავსი სახის კერძო ინიციატივები, მაღალი რისკის შემცველია და ყველა სახის გადაადგილება უნდა შეთანხმდეს საქართველოს წარმომადგენლობებთან საზღვარგარეთ (რისთვისაც 24 საათიანი ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ყველა საელჩოში). ეს საკითხი ვერ გადაწყდება კერძო პირების მიერ, რადგანა ის მოითხოვს სახელმწიფოთაშორის შეთანხმებებს, რადგან ევროკავშირის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლეობას ჩაკეტილი აქვს საჰაერო და სახმელეთო სივრცეები რეგულარული რეისებისთვის და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევბში აძლევს უფლებას ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს რომ განახორციელებინონ ფრენა საკუთარ ავია კომპანიებს. ეს ხდება მაქსიმუმ კვირაში 2-ჯერ – საუბედუროდ – ისიც იშვიათად – რადგან დიდ სახელმწიფოებს ენიჭებათ ბუნებრივი პრიორიტეტი, რადგან მათ მეტი მოქალაქე ჰყავთ საზღვარგარეთ ჩარჩენილი.

საქმეში ჩაუხედავ და გაჭირვებაში მყოფ ადამიანებზე (ევროპაში უსახსროდ დარჩენილ მოქალაქეებს – ბუნებრივია – ვერ მოვთხოვთ ყველა პროცედურული დეტალის ცოდნას), ასეთ ცრუ გზავნილებს საკმაოდ ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია, რაც კარგად იციან აღნიშნული დაპირებების გამცემებმა. ახლო წარსულიდან არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ემოციებით მანიპულირება ხდებოდა. ერთ-ერთ მაგალითად, გასულ წელს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში სააკაშვილის მიერ დაფინანსებული და მოწყობილი აქცია შეიძლება მოვიტანოთ, როდესაც მოკლე-ვადიანი პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით, შეცდომაში შეიყვანა და სასწორზე დადო ჩვენი ასობით მოქალაქის ბედი, რითაც აქციის დამთავრების შემდეგ აღარც დაინტერესებულა (მონპელიეში მყოფ მოქალაქეებს პოლიტიკური თავშესაფარი ქონდათ მოთხოვნილი და მათი განცხადებები განხილვის პროცესში იყო, ხოლო აქციაზე გაჟღერებული სოციალური მოტივები და კონკრეტული ადამიანების იდენტიფიკაცია, ფრანგული მხარისათვის გახდა საფუძველი, რომ ამ მოქალაქეების საქმეები განხილვის გარეშე დაეტოვებინათ, რამდენადაც სოციალური და ეკონომიკური სარჩული პოლიტიკური დევნილობის განცხადებასთან შეუთავსებელია). სწორედ ამ აქციის შემდეგ, ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს უარი უთხრეს განაცხადების განხილვაზე (ანუ, რეალურად – აქციის ორგანიზატორმა საკუთარი მოქალაქეები, აქციის მონაწილეები მატურებად გამოიყვანა, რაც მეტად უსამართლო იყო მათ მიმართ, პირველ რიგში).

აღარაფერს ვიტყვით საკუთარი მოქალაქეების ბედისა და მდგომარეობის აბუჩად აგდების ისეთ მაგალითებზე, როგორიც სააკაშვილის პროგრამა „ღიმილიანი საქართველო” იყო, როდესაც კბილები დააძრეს ნახევარ საქართველოს და 2012 წლის არჩევნების შემდეგ აღარ ჩაუსვეს უკან.

დავუბრუნდებით საერთაშორისო ფრენების საკითხს; მოგეხსენებათ, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს ქვეყნებმა საჰაერო სივრცეები დაკეტეს და ფრენები აკრძალეს, რის გამოც მილიონობით ადამიანი უცხო ქვეყნებში დარჩა. ამ ურთულეს ფონზე, საქართველომ შეძლო და მოკლე პერიოდში 5000-მდე საკუთარი მოქალაქე უსაფრთხოდ, ჯანდაცვის პროტოკოლის სრული დაცვით დააბრუნა სამშობლოში. აღნიშნული ვერ შეძლეს ან არ განუხორციელებიათ მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს, რომლებსაც საქართველოზე გაცილებით დიდი რესურსები გააჩნიათ საამისოდ.

მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით, ყოველკვირეულად 2-3 ჩარტერული რეისი ხორციელდება – თანაც მინიმალური ფასით, რაზეც ასევე სახელმწიფომ იზრუნა. ისინი, ვინც საზღვარგარეთ დახმარებას საჭიროებენ, საქართველოს საელჩოების მიერ უზრუნველყოფილი არიან თავშესაფრით და ძირითადი საჭიროებებით – საკვებით, მედიკამენტებით. სახელმწიფო ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს – ცხადია უნაკლო ამ სამყაროში არაფერია და არავინ – მაგრამ ამ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოსათვის ამ მსოფლიო პანდემიის ჟამს უმოქმედობის დაბრალება მხოლოდ ყველაზე უსინდისო პოლიტიკური სპეკულაციაა, რაც ჭეშმარიტად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის სტილია, რომელმაც ერთხელ უკვე დამპყრობელს თავისი სურვილით ჩააბარა ქართული მიწების დიდი ნაწილი და ახალგაზრდა ქართველი ჯარისკაცების ცხოვრება.

თითოეული ავია-რეისის განხორციელებას სჭირდება შესაბამისი პროცედურები: მეორე ქვეყანასთან შეთანხმება, ორგანიზება, რაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პრეროგატივაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანების ასეთ პირობებში გადაადგილება არ წარმოადგენს მხოლოდ მათ „ა’-დან „ბ” – პუნქტში გადაყვანას. მგზავრობის აუცილებელი პირობაა უსაფრთხოება, რაც ვირუსის გავრცელების ფონზე წესების ზედმიწევნით დაცვას მოითხოვს.

ზემოთ მოყვანილ და სხვა უამრავ მაგალითზე დაყრდნობით ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ „უზრუნველყოფს” ადამიანების უსაფრთხოდ გადაყვანას სააკაშვილი (იმ შემთხვევაშიც კი, რომც შეეძლოს ასეთი ფრენის ორგანიზება). ამ შემთხვევაშიც, სააკაშვილი ისევე ფიქრობს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, როგორც 2008 წლის ომის დროს.

მაშინ, როდესაც უამრავი ჩვენი მოქალაქე, საზღვარგარეთ მძიმე პირობებში აღმოჩნდა, ამ დემაგოგიის ნაცვლად შეუძლია მათთვის ელემენტარული და ძირითადი დახმარების გაწევა – საკვებით, თავშესაფრით და ნაცვლად უფასო ფრენების არა-რეალისტური დაპირებისა, „ფრენებზე დასახარჯი თანხა” ექს-პრეზიდენტს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისკენ მიემართა (ნებისა და დახმარების სურვილის შემთხვევაში – რაც ძალიან საეჭვოა – აღნიშნულის ორგანიზება სავსებით შესაძლებელია და ამას აკეთებს ბევრი დიასპორის ორგანიზაცია ნიკოლოზ ჩხეიძის მეთაურობით ნიუ იორკში და მთელს მსოფლიოში). თუმცაღა, ნაციონალური მოძრაობის განზრახვა გახლავთ არა რეალური ქმედებები და ადამიანების დახმარება, არამედ შეუსრულებადი, არარეალისტური და ყალბი მოლოდინების აღმძვრელი დაპირებების გაცემა, რომელთა შეუსრულებლობას ისევ მთავრობას გადააბრალებენ და არეულობას მოაწყობენ ისევ საქართველოში, რომელიც რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს აღარ არის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანა – ის ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. ამრიგად ეს არის კიდევ ერთი საგარეო აგრესია, რომელსაც მიშა სააკაშვილი ხელს უწყობს საქართველოს მიმართ.

აქვე გვინდა მივმართოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ არ წამოეგოთ ნაც-მოძრაობის პროვოკაციაზე და მავნებლობის მსხვერპლი არ გახდეს:

რამდენი მაგალითი უნდა გამოვცადოთ ქართველებმა საკუთარ თავზე, რომ მომდევნო ჯერზე, ჩვენივე გულუბრყვილობით, აღარ მივცეთ საზრდო მსგავსი სახით უცხო ქვეყნის აგენტ მიშა სააკაშვილს რომ სქართველოს მოქალაქეები მოწამლვისა და სიკვდილის პირას დააყენოს! კმარა მისი დანაშაულები 2008 წელს, როდესაც იგი არარსებულ ყუმბარებს მშიშარა კურდღლივით ემალებოდა და მოსახლეობა გაწირა დაუნდობელი დაბომბვისათვის!

და ბოლოს! გავიხსენოთ პოლიტიკური ძალა, რეჟიმი, რომლის დროსაც (მეტწილად 2006-2008 წლები) ჩვენს უმეტესობას მოუწია საქართველოდან გაქცევა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკური დევნის და რეპრესიების შედეგად), ხოლო ახლა ჩვენი ქვეყნიდან იძულებით წასვლის და გადახვეწის შემოქმედები – საოცარი ცინიზმითა და უტიფრობით – ამჯერად ქვეყანაში დაბრუნებას გპირდებიან და როდესაც მათ მიერ კონტროლირებად კომპანიებს 10 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი აქვთ მათი კერძო სიამოვნებისათვის გადადებული და არ ეხმარებიან დიასპორის ორგანიზაციებს მშივრად დარჩენილ ემიგრანტებს მკურნალობაში და ლოჯიტიკური საკითხები მოგვარებაში. მოუწოდებთ მიშა სააკაშვილს და მის იარაღის გამყიდველ ბიძას, საბჭოთა კგბ-ს ცნობილ ოფიცერს, თემურ ალასანიას თუ უნდათ საკუთარი მილიარდები ქართველ ემიგრანტებს მოახმარონ, დაუკავშირდნენ ქართული დიასპორის ლიდერებს ნიუ იორკში – ბატონ ნიკოლოზ ჩხეიძეს და ქართველ ექიმებს ამერიკაში და ევროპაში და დაეხმარონ ქართულ ემიგრაციას მატერიალურად. მათ მიერ ნაშოვნი ფული უკეთეს გამოყენებას ვერ ნახავს.

შეწყდეს ქართველი ხალხის მოტყუება უსინდისო პოლიტიკოსების და იარაღის გადამყიდველების მიერ! ყველამ ერთად ვიშრომოთ იმისთვის რომ გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი ქართველის ცხოვრება ავადმყოფობით და შიმშილით დაღუპვისაგან! გამოიყენეთ თქვენი მილიარდები სიკეთისათვის და არა ხალხის დასაპირისპირებლად ერთმანეთთან!”, – აღნიშნულია მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი – საქართველოს მიმართვაში.

https://www.facebook.com/IMTD.Georgia/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები