არჩილ თალაკვაძე: რთული გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შევძლოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა
„რთული გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ რთული ვითარებიდან მინიმალური ზიანით გამოვიდეთ – დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შევძლოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
თალაკვაძემ დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების გეგმის მიხედვით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
„ჯანდაცვის სფეროში ეს არის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, სამედიცინო პერსონალი, ეპიდემიური კონტროლის მექანიზმები, პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი – ხედავთ, რომ ხდება ზუსტი და თანმიმდევრული რეაგირება ინფიცირების თითოეულ შემთხვევაზე. გამონაკლისების გარდა, პრაქტიკულად, შემთხვევა არ არსებობს, სადაც ინფიცირების წყარო და კონტაქტები სრულად არ იყოს შესწავლილი და იზოლირებული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს სოციალური დახმარებისა და ეკონომიკის სტაბილიზაციის კუთხითაც.
“რთული გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ რთული ვითარებიდან მინიმალური ზიანით გამოვიდეთ – დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შევძლოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა. ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარისთვის, გვაქვს ხედვა და სამოქმედო გეგმები როგორც ჯანდაცვის, ასევე, ეკონომიკის მიმართულებით. ყველამ ვნახეთ ჩვენზე ათჯერ ძლიერი ეკონომიკისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს ერთ-ერთ საუკეთესო სოციალური და ეკონომიკური დახმარების პაკეტი. მოქალაქეებს ვეხმარებით იმით, რომ სახელმწიფო უფინანსებს კომუნალურ გადასახადებს; ცხრა დასახელების პროდუქტზე კონკრეტულ ფინანსურ ინტერვენციებს ვაკეთებთ, რომ ფასები მკვეთრად არ გაიზარდოს, მოხდა ერთი თვის პენსიების გადარიცხვა წინსწრებით. შემდგომ პერიოდში დავეხმარებით იმ ადამიანებსაც, რომელტაც შესაძლოა დაკარგონ სამსახური და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს რესურსი არის შეზღუდული და თითოეული ლარი, რომელიც ამ პროგრამებში მიემართება არის შეფასების და პრიორიტეტების სწორად დასახვის საგანი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.