პრემიერი: ჩვენ ვერ დავუშვებთ კომპრომისს ადამიანების ჯანმრთელობასა და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნების” გუნდის, მთავრობის, ხელისუფლების ყველა შტოს ტაქტიკა გახლავთ ამ ბრძოლასთან ადაპტაცია; ჩვენ უნდა შევძლოთ პროცესების მართვა ისე, რომ, მიუხედავად იმისა, რომ გვეყოლება ათობით თუ ასობით ინფიცირებული, უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, მაგრამ სახელმწიფომ და ეკონომიკამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ის თვისებებია, რომლევიც უნდა შეიძინოს სახელმწიფომ, რათა სულ მალე გლობალურ კონკურენციაში, იყოს ეფექტური და არა – ჩამორჩენილი.

„ეს არის ის თვისებები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ამ ბრძოლაშიც შესაძლებლობების ფანჯრები დაინახოს იქ, სადაც შეგვეძლება, ვიყოთ სხვებთან შედარებით ეფექტურები. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანია მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მეორე – ჩვენი ეკონომიკის ეფექტურობა, მესამე – ამ ყველაფერს უნდა მივაღწიოთ იმით, რომ უნდა გავიაროთ ადაპტაციის პროცესი. შეიძლება, დღეს გვქონდეს ძალიან მძიმე აკრძალვები და შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ ჩვენ მიერ დღეს მოქალაქეებისთვის, ეკონომიკისა და კომპანიებისთვის დაწესებული აკრძალვები ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს გავაკეთეთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენმა კომპანიებმა ისწავლონ, ამ გამოწვევებისა და ბრძოლის პირობებში, ადამიანის ჯანდაცვის, პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების დაცვის რა ელემენტარული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, რაც მათ საშუალებას მისცემს, გააგრძელონ ფუნქციონირება და იყონ ბევრად უფრო კონკურენტული, ვიდრე სხვა კომპანიები. ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც უნდა გავიაზროთ. სხვა ყველაფერი კომპრომისია. ჩვენ ვერ დავუშვებთ კომპრომისს ადამიანების ჯანმრთელობასთან და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, ეს არის ჩვენი პოზიცია”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები