საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებული შეზღუდვების კონტროლს აგრძელებენ. ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების კონტროლს, რომელიც გუშინ 21 საათზე დაიწყო და დღეს დილის 6 საათამდე გაგრძელდა, პოლიიცის შესაბამისი დანაყოფები ახორციელებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. შეზღუდვა არ შეეხო სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტებს, რომელთა სამუშაოს შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო დროის აღნიშნულ მონაკვეთში.
“მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებულნი იყვნენ საგანგებო რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ, შესაბამისად, ღამემ მშვიდად ჩაიარა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული დარღვევევის შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას.