„აჩეხილი ვაზის ტირილი“ – ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე

პოეტი მზია ხეთაგური ეხმიანება 31 მარტს – ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს და ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ლექსს – ზვიად გამსახურდიას და 9 აპრილის გმირებს.
წიგნიდან – ,,უფლების უფლება”

აჩეხილი ვაზის ტირილი!

1989 წ. 9 აპრილს რუსეთის სპეცრაზმების მიერ ნიჩბებით აჩეხილ, დამოუკიდებელი საქართველოს მოთხოვნით მთავრობის სასახლესთან გამოსულ დემონსტრანტებს! ძირითადად, ახალგაზრდები აჩეხეს. მეც იქ ვიყავი, მაგრამ გადავრჩი. ისინი ყველაფერს ანადგურებდნენ, რაც მოძრაობდა, ანუ ეროვნულ მოძრაობას! მე გავხევდი, გავქვავდი, ვერ ვმოძრაობდი…

ვარ საქართველო,- თვალებში მიმზერს მკვლელი,
ჭეშმარიტება!- აი ნუგეში სულის,
მანამდე… ბნელეთს ანათებს მხოლოდ ცრემლი!
მანამდე… მნათობს ახშობს ნაღველი სრული!
სხეული უკვე აღარ ესწრაფვის სხივებს
და უმწეობა ისე კვნესის და გმინავს, –
მას სიამაყე თუ დაამშვიდებს ისევ,
წმინდაო ნინო, რა მგლოვიარედ ბრწყინავ!
აი, სიმკაცრე, აი, წამების ბოლო,
ურცხვთა ზეიმი, ოცნებისათვის ჯვარცმა…
სიმაღლე ჩვენი… დამარცხებაა მხოლოდ?
მზის ჩასვლა როგორ, როგორ ინატროს კაცმა!
ვარ საქართველო… მარად სამიზნე გული,
ვით მზეთუნახავს, კვლავ ცხრაკლიტულში მსვამენ…
ცისფერ მინდორზე გუთნით გავლებულ ხნულებს
ტანკით თელავენ, სისხლს არაყივით სვამენ!
ვარ საქართველო – გულდაფლეთილი თქვენთვის,
ვარ სალოცავი, წმინდა ხატების დედა,
ვარ გაყიდული მათგან, მაღალი ღმერთი
ვინც დაივიწყა და კვლავ სიცრუეს ბედავს!
აპრილის მზეო, ამოანათე ცრემლი,
მალამოდ ექეც უკიდეგანო ნაღველს,
ამ გაზაფხულზე უღვთო ჯალათთა ხელით
მოდი, აჩეხილ ვაზის ტირილი ნახე!

მზია ხეთაგური
1989

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები