რობერტ სტურუა ვარსკვლავების გახსნის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს
ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რეჟისორმა რობერტ სტურუამ საქართველოში ვარსკვლავების გახსნის თაობაზე საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა: ,,მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვარსკვლავი დიდი რამაზ ჩხიკვაძისათვის უნდა გაეხსნათ, მაშინაც კი ხმალამოღებული ვებრძოდი მთავრობას, მიჭირდა, მაგრამ მაინც არ ვმალავდი ჩემს აღშფოთებას! სხვათა შორის, რამაზიც იგინებოდა: გასაგები იყო – სახალხო არტისტის წოდებების სანაცვლოდ ეს სამარცხვინო, მბჟუტავი ვარსკვლავებით მოჭედეს ლამაზი საქართველოს თეატრების შესასვლელები! ვიცი, არავინ მომცემს ამის უფლებას, მაგრამ დღესვე ავკრძალავდი, მოვიყვანდი მანქანას და ასფალტს გადავასხამდი.“ ამის შემდეგ რეჟისორი “კინოვარსკვლავების ბეტონში უკვდავყოფის“ პირველ ფაქტს იხსენებს: “როცა გასული საუკუნის 20-ან წლებში, ჰოლივუდში ვინმე ტედ გრაუმანი ფეშენებელურ კინოთეატრს აშენებდა, ერთ კინოვარსკვლავ ქალს თითქმის მზა კინოთეატრს უჩვენებდა, ახალგაზრდა ქალმა უცაბედად ჯერ კიდევ ნედლ ბეტონში ჩაადგა ფეხი და დაიწყო“- … ამის შემდეგ, – განაგრძობს რეჟისორი, – თავად გრაუმანი ირჩევდა, ბეტონში საკუთარი ფეხი, ხელი და ავტოგრაფი ვის უნდა დაეფიქსირებინა. თავის პოსტს რობერტ სტურუა ასე ამთავრებს: ,,ამას წინათ, მოვდიოდი რუსთაველზე და ვიღაცა დასცქეროდა “ვარსკვლავებს” და ეკითხებოდა თავის მეგობარს, ვინ იყო ეს კაციო… შემრცხვა, მაგრამ გამახსენდა – ასეთია მსახიობის ხვედრი…’’