ახალქალაქში ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა
პროკურატურის ინფორმაციით, უწყების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებით, ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულ ს.პ.-ს და ა.მ.-ს ბრალი წარედგინათ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ „გოლდთან“ ს.პ.-მ და ა.მ.-მ ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.
სამართალდამცველებმა ს.პ. და ა.მ. 28 მარტს დააკავეს. ს.პ.-ს და ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა“, – იუწყება პროკურატურა.
ბრალდებულებს თავისუფლების ოთხიდან შვიდ წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.
„ს.პ.-ს და ა.მ. -ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ოთხიდან შვიდ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულ ს.პ.-ს და ა.მ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.