სურამში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ნაფეტვარიძე სურამში ჩავიდა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატსა და ქალაქის მერთან ერთად, სურამში დაწყებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

“რეგიონებში პროექტები, დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სურამში დავიწყეთ წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. არსებული მოძველებული სისტემა ახლით ჩანაცვლდება, რაც შეამცირებს წყლის დანაკარგებს. შედეგად, 1000–მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, – განაცხადა ნაფეტვარიძემ.

სურამში წყალმომარაგების სისტემისა რეაბილიტაცია რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით, 100 ოჯახს, წყლის ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ჰქონია და თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს. ნაწილს კი, მოძველებული ქსელის გამო, წყალი 16–18 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდური გამრიცხველიანება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი, რის შემდეგაც დამატებით 1000 ადგილობრივს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები