გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა
“კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება”, – სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.
კლინიკას, რომელიც ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურებას შეძლებს, ხელოვნური სუნთქვის აპარატები გადაეცა, რაც კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჭირო აპარატურით და საწოლებით საავადმყოფოს აღჭურვა რამდენიმე დღეში დასრულდება.
„ეს არის მრავალფუნქციური საავადმყოფო საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით. ის დღემდე გაშვებული არ იყო და ვინაიდან დღეს გვაქვს სერიოზული გამოწვევები, ნახეთ რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში კლინიკა შეძლებს, მოემსახუროს კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე რეგიონში იფუნქციონირებს საკარანტინე ზონები. ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ ეს ყველაფერი. მოვუწოდებ რეგიონის მკვიდრ თითოეულ მედიკოსს და ექიმს – სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციაზე. ყველას გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს ფუნქციონირებას აქვს სხვა ძალიან სერიოზული დატვირთვაც. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს თითოეულ მოქალაქეს მივეხმარებით. აქ იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი. ყველა ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზს გადმოკვეთს და დასჭირდება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას მიიღებს. ვისაც სჭირდება საკარანტინე ზონა, საკარანტინე ზონას მიიღებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს არის ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი ფუნქცია და მისია”, – აღნიშნა პრემიერმა.
სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.
ცნობისათვის, მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.
კორონავირუსისგან მიყენებული ზიანის შესამცირებლად, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით და ჯანდაცვის სამინისტროს ძალისხმევით, მთელი საქართველოს მასშტაბით კლინიკების მომზადება აქტიურად მიმდინარეობს.