ზაურ დარგალი: 3 დღის განმავლობაში 58 000 მარნეულელი შევამოწმეთ

“აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის სკრინინგი. დღევანდელი დღის მონაცემებით, 11 000 ადამიანი შემოწმდა, გვაქვს სულ 2 შემთხვევა, როცა დაფიქსირდა სიცხე, ერთი პოსტოპერაციული. სხვა კლინიკური სიმპტომები არ აქვს”, – ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

ზაურ დარგალის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა, ახალ კორონავირუსზე, ჯამურად, 58 000 ადგილობრივი მოქალაქე შემოწმდა. მერის თქმით, სკრინინგთან ერთად მოქალაქეების ინფორმირების კამპანიაც მიმდინარეობს. აღნიშნულის მიზნით, მარნეულში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის ყოველდღიური ბრიფინგები მოეწყობა.

“ჯამურად, 3 დღის შედეგად შემოწმებული გვყავს 58 000 მარნეულელი და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. მუდმივად ვარიგებთ სხვადასხვა სახის ფლაერს. იცით, რომ მანქანაც დადის. ადგილობრივი მედიისთვისაც ხვალიდან ბრიფინგებს დავიწყებთ.  კარგი შედეგი გვაქვს. დღეს დილით გითხარით, რომ 5 პასუხს ველოდებით და ყველა უარყოფითია. დღეს ორ ადამიანს ჩაუტარდა ტესტი და ველოდებით პასუხებს. თვითიზოლაციის დარღვევა მარნეულში არ დაფიქსირებულა”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
ცნობისთვის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მეხუთე დღეა, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები