თეა წულუკიანი: კორონავირუსის აღმოფხვრამდე არცერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 20 მარტიდან თანამშრომლები, რომელთაც სამსახურში მისულს დილით აღმოაჩნდება რაიმე სიმპტომი, მოწმდებიან სპეციალურად მოწყობილ ციხის გარეთ სამედიცინო პუნქტებში და არ დაიშვებიან პატიმართან სამუშაოდ.

მისივე თქმით, 23 მარტიდან აიკრძალა დამლაგებლების შეშვება ციხეებში, ასევე, კორონავირუსის აღმოფხვრამდე არცერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე.

„20 მარტიდან დღემდე ასეთი 100-მდე თანამშრომელი იქნა სახლში გაბრუნებული, ხოლო 80-მდე დაცვის თანამშრომელი იქნა ჩამოცილებული ციხის პერიმეტრს – კიდევ და კიდევ, რათა პატიმრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული. 23 მარტიდან აიკრძალა დამლაგებლების შეშვება ციხეებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ის კერძო კომპანია და ათეულობით დამლაგებელი, რომლებიც შედიოდნენ დაწესებულებაში,  23 მარტიდან აღარ ხვდებიან დაწესებულებაში. კერძო კომპანია გვაწვდის შესაბამის საშუალებებს და ციხის ადმინისტრაცია, საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებით, უზრუნველყოფს ციხის დალაგებას“, – განახცადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ასევე, 24 მარტიდან აკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და სასამართლო პროცესები აეწყო ონლაინ.

„ამ პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა არა მხოლოდ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, არამედ –  პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებსა და თავად პატიმრებს, რადგან ჩვენ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო პროცესი ჩავატარეთ ონლაინ. კორონავირუსის აღმოფხვრამდე არცერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე. ეს არის წესი, რომლსაც გამონაკლისი ვირუსის აღმოფხვრამდე არ ექნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები