ალექსანდრე მოწერელია “ნაცმოძრაობის” ქმედებას უპასუხისმგებლოს, მავნებლურსა და ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეწყობას უწოდებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ, პირბადეების დარიგების ფაქტს გამოეხმაურა, სადაც ასობით ადამიანი შეიკრიბა.

ალექსანდრე მოწერელიამ მომხდარს უპასუხისმგებლო და მავნებლური უწოდა.

“მინდა, გამოვეხმაურო იმ განხორციელებულ, უპასუხისმგებლო ქმედებას, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს ზუგდიდის ცენტრში. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული შეკრება, სადაც, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, დაარიგეს პირბადეები. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, მაშინ როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ვცდილობთ შევასრულოთ მაქსიმალურად და აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება, დღეს ასობით ადამიანი შეკრიბეს და დაიწყეს პირბადეების დარიგება. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ადამიანებს შორის ვირუსის გავრცელება არ მოხდება და ეპიდემიის სახით არ იფეთქებს ჩვენს რეგიონში? – ეს არის მავნებლობა და მიზანმიმართული ქმედება იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში გავრცელდეს ეპიდემია და კიდევ უფრო უმართავამდე მიიყვანონ მთელი ეს მდგომარეობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში გუშინ კორონავირუსის ​დადასტურებული შემთხვევა გვქონდა “, – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მომხდარზე სამართალდამცველების მხრიდან იყო რეაგირება.

“ჩვენ მოგვიწია სამართლდამცველების მოხსნა სხვადასხვა ობიექტიდან, რომლებიც ისედაც დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ ეს უპასუხისმგებლო ქმედება შეგვეჩერებინა. ამ ყველაფერში მონაწილეობდა 200-მდე ადამიანი, მე უპასუხისმგებლობის, მავნებლობისა და შეგნებულად ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეწყობის მეტს, სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ! ასეთ დროს მსგავსი იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკებითა და პიარით ჩვენ კარგს ვერაფერს მივიღებთ ჩვენი ქვეყნისათვის, ეს უნდა ესმოდეს ყველას”, – განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები