ლევან დავითაშვილი: მარნეულიდან და ბოლნისიდან გამოტანილი პროდუქტები აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, მარნეულიდან და ბოლნისიდან პროდუქტები გამოტანა ხდება, თუმცა ის აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. როგორც მან აღნიშნა, სურსათის ეროვნულის სააგენტოსთან ერთად უკვე შეთანხმებულია ის მარშრუტი, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
„რა თქმა უნდა, პროდუქტი უნდა მოდიოდეს, ხდება კიდეც ამ პროდუქტის გამოტანა. ის აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. ეს პროდუქტი ბაზარს უნდა მიეწოდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ის ადამიანები, ვინც საკარანტინო ზონაში იმყოფებიან, არ გადაადგილდებიან კარანტინის გარეთ. შესაბამისად, ჩვენ გვექნება ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეზე საუბარი იმისთვის, რომ, ერთი მხრივ ადვილად მოხდეს პროდუქტის შიგნით შეტანა და, მეორე მხრივ, ადგილზე წარმოებული პროდუქტის გარეთ გამოტანა.
ძირითადად, ეს ეხება მარნეულის იმ ადგილებს, სადაც ინფიცირებული ადამიანები სახლობდნენ ან მოღვაწეობდნენ, ასევე, იმ სოფლებს, სადაც მათ კონტაქტი უწევდათ. ამიტომ, სადეზინფექციოდ პირველი პრიორიტეტი არის ზუსტად ის მიმართულებები, რომლებიც უფრო მეტად სარისკოა, თუმცა ჩვენ საკმაოდ მძლავრი სპეციალური ტექნიკა გვყავს შეყვანილი რეგიონში იმისთვის, რომ მასიურად მოხდეს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რომ რისკები დავწიოთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.