სოციალური მომსახურების სააგენტო: 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის უწყვეტად გავაგრძელებთ საარსებო შემწეობის გაცემას

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში სოციალური მომსახურების სააგენტო არ განახორციელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას, – ამის შესახებ „კვირას“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ცნობით, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში სოციალური მომსახურების სააგენტო არ განახორციელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება მოთხოვნილი იქნება უშუალოდ ოჯახის მიერ.

მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას. აღნიშნული ვრცელდება 2020 წლის 1-ელი იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას.

ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტო არ შეაჩერებს სახელმწიფო გასაცემლებს (სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.), მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული სახელმწიფო გასაცემლების თანხები არ ჩაითვლება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნებას“, – აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს მასშტაბით ასობით ადამიანს სოციალური დახმარება შეუჩერდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები