stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდს, stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე ფუნქციონირებს ვებგვერდის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც უახლოესი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება.

“აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საიტის სომხურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.

ამასთან, საქართველოს მთავრობა ეთნიკური უმცირესობების ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ყველა მითითება და რეკომენდაცია ითარგმნა. ჩაიწერა ვიდეომიმართვები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც გაშუქდა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალების, ასევე –  სოციალური ქსელების მეშვეობით.

რეგიონის მოსახლეობას ეთნიკური უმცირესობების ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა სახლებში მიეწოდება”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია მუდმივად ითარგმნება და თავსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე – www.1tv.ge. დღეიდან ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება stopcov.ge-ს აზერბაიჯანულ ვერსიაშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები