აკაკი ზოიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია ეფექტური სწრაფი ტესტირება

იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფიცირებული გამოვავლინოთ და შემდეგ მოვახდინოთ მათი იზოლაცია, სწრაფ ტესტირებას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ შენ შემდგომ ზომებს იღებ – ანუ დაავადებულის იდენტიფიცირების შემდეგ, მათი კონტაქტების სასწრაფოდ გამოკვლევა და იზოლირება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, ეს იყო ის, რაც გააკეთა სამხრეთ კორეამ, ოღონდ მას შემდეგ, რაც ინფიცირების რამდენიმე ათასი შემთხვევა დაუფიქსირდა და ამას ჰქონდა აზრი, რადგან შემთხვევები პოპულაციაში იყო გაბნეული.
„დღეს ჩვენ ყველა სხვა ქვეყნის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ყველაზე უფრო უარეს შემთხვევაშიც კი, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მოცემულ მომენტში ვერ ასცდება 540-ს, იქნება ეს ლატენტურად უსიმპტომოდ მიმდინარე ინფექცია, თუ ის შემთხვევები, ვისაც ვირუსი თეორიულად შეიძლება ჰქონდეს. სწრაფი ტესტირებით რომ 540 დაავადებული გამოავლინო, 3.6 მილიონ ადამიანს უნდა გაუკეთო, რაც ნონსენსია. სწრაფი ტესტი უნდა ჰქონდეს აუცილებლად ჯანდაცვის დაწესებულებებს, შესაბამისად საავადმყოფოებს. კარგია, რომ ჯანდაცვის სამინსიტროს შემოაქვს, დაურიგდება ჯანდაცვის დაწესებულებებს და მარნეულს და ბოლნისს, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კონტაქტების გამოკვლევა, თუ აქვთ შესაბამისი სიმპტომები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია სრულად ასეთია – ტესტირება, ტესტირება, ტესტირება ყველა სავარაუდო შემთხვევის და არა უბრალოდ უსიმპტომო ადამიანების, ვინაიდან უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას აზრი არ აქვს. დღემდე ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირება კეთდება ყველაზე უფრო მაღალი ოქროს სტანდარტით, რომლის მგრძნობელობა, სწრაფ ტესტებთან შედარებით, განუზომლად უფრო მაღალია, ეს მეთოდი ყველაზე უფრო ადრე იჭერს ვირუსს ცხვირ-ხახის ნაცხში“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი განმარტებით, როდესაც დაინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს, რისი თქმის საფუძველსაც იძლევა მარნეულის შემთხვევა და კარანტინში მყოფი რამდენიმე ასეული ადამიანი, აზრი ექნება სწრაფი ტესტების შემოტანის დროულად დაწყებას. ხოლო, მასობრივი შემოწმება მიზანშეწონილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამის საფუძველს შექმნის.

„იგივე მარნეულის შემთხვევაში, 90 უშუალო კონტაქტია, შემდეგი კვლევებით კი შეიძლება წავიდეთ 1700-მდე. ეს ადამიანები უნდა გაფრთხილდნენ, იზოლაციაში გადავიდნენ და მათაც ასევე, შემდეგ დასჭირდებათ შესაბამისად ტესტირება“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები