არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მაღალმთიან სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ავთანდილ უგრეხელიძესა და მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად ცაგერის მაღალმთიან სოფლებში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
რწმუნებული სოფელ ლახეფას ესტუმრა, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მათ პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცა.
არჩილ ჯაფარიძე ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, თუ როგორ მიეწოდებათ მედიკამენტები, საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები. აგრეთვე, ვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დახმარება აღუთქვა.
არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისათვის რეგიონში სიმშვიდეა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მხარის თითოეულმა მაცხოვრებელმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.