ეკატერინე ტიკარაძე: ჩინეთიდან მიღებული სწრაფი ტესტებით მარნეულის მოსახლეობის გამოკვლევას დავიწყებთ
“სწრაფი ტესტებით იმ მოსახლეობის გამოკვლევას დაიწყებთ, სადაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეპიდემიური აფეთქების რისკია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთიდან საქართველოში სპეცრეისი განხორციელდება და ქვეყანა ორი ტიპის სწრაფ ტესტს მიიღებს.
„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი ტესტი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და, უბრალოდ, მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას.
შესაბამისად, ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ არის რისკი ეპიდემიური აფეთქებისა, დავიწყებთ იმ მოსახლეობის გამოკვლევას. ამ ეტაპისთვის ეს რეგიონი შერჩეული არის და არის მარნეულის რეგიონი, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შემდეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისეთი სწრაფად გავრცელება, რომელიც ეს შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არ ქონის შემთხვევაში, არამედ – რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავება და მისი დინამიკურობის გაკონტროლება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.