იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

“ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და პანდემიის გამოცხადებამ გარკვეული გავლენა მოახდინა მოქალაქეების ინტერნეტაქტივობაზე, მონაცემთა გაცვლის სააგენტო ყოველდღიურად რამდენიმე დანაშაულებრივ შემთხვევას აფიქსირებს, როდესაც სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელებით ინტერნეტმომხმარებელთა ყურადღების მიპყრობა ხდება”,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.

ახალი კორონავირუსის („COVID-19“) გავრცელებისა და პანდემიის გამოცხადებამ გარკვეული გავლენა მოახდინა მოქალაქეების ინტერნეტაქტივობაზეც. მომხმარებლები უფრო ხშირად არღვევენ კიბერუსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს, რაც კიბერდანაშაულის რაოდენობის ზრდას იწვევს.

მონაცემთა გაცვლის სააგენტო ყოველდღიურად რამდენიმე დანაშაულებრივ შემთხვევას აფიქსირებს, როდესაც სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელებით ხდება ინტერნეტმომხმარებელთა ყურადღების მიპყრობა, მათი მავნე კოდის შემცველ საიტზე გადამისამართება და კომპიუტერულ სისტემებში არასანქცირებული წვდომის მოპოვება.

სააგენტოს ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო კვლევის შედეგად, გამოვლინდა, რომ ცალკეულ ფეისბუქგვერდებზე, რომლებსაც ხელოვნურად აქვთ გაზრდილი მომწონებელთა რიცხვი, სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, გარკვეული მონაცვლეობით, ვრცელდება დეზინფორმაციის შემცველი ბმულები. მათი გაანალიზების პროცედურას, თავის მხრივ, საქართველოს საზღვრებს გარეთ განთავსებულ სერვერულ ინფრასტრუქტურამდე მივყავართ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო (GERT. GOV.GE) საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს:
ნუ გადახვალთ საეჭვო ბმულზე;
გამოიყენეთ რთული პაროლი თქვენს პირად ანგარიშებზე;
გამოიყენეთ ორნაბიჯიანი ავთენტიფიკაციის მექანიზმები;
გამოიყენეთ ანტივირუსული სისტემები;
გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია უნებურად;
ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაციის სიზუსტე რამდენიმე ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით.
მონაცემთა გაცვლის სააგენტო საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე „COVID-19“-თან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის გაზიარებისას, რათა ხელი არ შეუწყონ დეზინფორმაციის გავრცელებას; ინფორმაცია კი მიიღონ მხოლოდ ოფიციალური წყაროებით.
https://stopcov.ge/
ვებგვერდი – CERT.GOV.GE – საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მოქალაქეებს კიბერინციდენტის დაფიქსირება კვლავ შეუძლიათ ელ. ფოსტაზე: incidents@dea.gov.ge
#StopCoV”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები