ახალი ვალდებულებები მიტანის სერვისს – რა წერია მთავრობის დადგენილებაში
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის 181-ე დადგენილება გამოქვეყნდა, რომელშიც ის ვალდებულებებია გაწერილი, რომელიც მიტანის სერვისმა უნდა დააკმაყოფილოს:
ა) პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ან მონაწილეობს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით;
ბ) სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
გ) სურსათის ტრანსპორტირებისას დაცულ უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.
აქვე გაწერლია ობიექტების ვალდებულებები, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას:
ა) პერსონალი, რომელიც მონაწილეობს პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით;
ბ) რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირითა და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
გ) უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრისა) დაცვის გაკონტროლება.
შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.