სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის ბიზნესოპერატორებს მადლობას უხდის

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით ამოქმედებული ახალი რეგულაციის აღსრულებაზე ზედამხედველობა აქტიურად მიმდინარეობს.

რეგულაცია საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებმაც რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინეს.

“სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა დღეისათვის 5000-მდე ბიზნესოპერატორი უკვე გადაამოწმეს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესსექტორი, უმეტეს შემთხვევაში, ითვალისწინებს სპეციალური ბრძანებით განსაზღვრულ რეკომენდაციებს.

სააგენტოს რესურსი სრულად არის მობილიზებული; სასურსათო ობიექტებისა და აგრარული ბაზრების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის პირობები”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ბრძანება საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე 17 მარტს გამოიცა.

http://nfa.gov.ge/uploads/other/8/8004.pdf

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები