დანით მიყენებული 11 ჭრილობა – ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული ჭ.წ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცობით, წარსულში ნასამართლევმა ჭ.წ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განზრახ მოკვლის მიზნით ვ.ვ.-ს დანით თერთმეტი ჭრილობა მიაყენა.

“სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 2 აგვისტოს თბილისში, ვარკეთილი 3, I მიკრორაიონში, კორპუსის სადარბაზოში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ჭ.წ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ვ.ვ.-ს დანით თერთმეტი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ვ.ვ. საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჭ.წ. იმავე დღეს დააკავეს. მისი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი – დანა. ჭ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 238’ მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები