ქუთაისში დიდი სავაჭრო ცენტრები მუშაობას წყვეტენ
ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კორონავირუსის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ქუთაისში რამდენიმე სავაჭრო ცენტრმა მუშაობა დროებით შეწყვიტა.
“ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრის მიღებული დირექტივის თანახმად, ვბრძანებ: 2020 წლის 20 მარტიდან შეჩერდეს სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა ქუთაისის” ფუნქციონირება. საქართველოს მთავრობის მხრიდან შესაბამისი დირექტივის მიღებამდე”, – ნათქვამია სავაჭრო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო, დღეიდან მუშაობა სასურსათო, სააფთიაქო და გადაუდებელი სამსახურების გარდა თითქმის ყველა დაწესებულებამ დროებით შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში რჩება 1575 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 275ადამიანი გადის.