სოციალურად დაუცველი პირისგან მოტყუებით ფულის გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა სოციალურად დაუცველ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ, შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის მეშვეობით, დაეხმარებოდა მას ქალაქ გორში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს მოთხოვა 4 500 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3 900 დოლარი, რა დროსაც დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.