საქართველოს კათოლიკური ეკლესია: არ გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი სასმელად, ზიარება დარიგდეს ხელისგულზე მხოლოდ პურის სახით

“კორონავირუსთან დაკავშირებით ტაძარში ტარდება დეზინფექცია, დაცულია დისტანცია ადამიანებს შორის”, – ამის შესახებ „კვირასთან“ საუბრისას კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის თანამშრომელმა, ალექსანდრა მარგველაშვილმა განაცხადა.

„კვირა“ დაინტერესდა, რა იცვლება და რა ზომები ტარდება საქართველოს კათოლიკურ ეკლესიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

როგორც კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს მიერ სპეციალური დეკრეტი გამოიცა. დეკრეტში ნათქვამია, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელება სერიოზულ მიდგომასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს.

„გარდა ყოველივე იმისა, რაც დაგვავალა კომპეტენტურმა ხელისუფლებამ, გატყობინებთ, რომ ამ პანდემიის პერიოდში:
1. ტაძარში შესვლისას პირჯვარი გამოისახეთ და მუხლი მოიყარეთ ნაკურთხ წყალში ხელის დასველების გარეშე. არ გამოიყენოთ, ასევე, ნაკურთხი წყალი სასმელად;
2. მშვიდობის ნიშნის გაცვლა მოხდეს გვერდით მდგომისთვის თავის დაკვრით;
3. წმიდა წირვის დროს ზიარება დარიგდეს ხელისგულზე- მხოლოდ პურის სახით მიცემით. ევქარისტიის მიღების ამ წესმა (უძველეს ეკლესიაში ამგვარად ეზიარებოდნენ) სრულებითაც არ უნდა შეამციროს მორწმუნეთა მოწიწება და სიყვარული ამ საიდუმლოსადმი, მეტიც, უნდა გვაგრძნობინოს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ ძღვენზე, რომელიც გვეძლევა. მოძღვრებმა აუხსნან მორწმუნეებს თუ როგორ ხდება ამ ფორმით ზიარება.
4. თანამწირველების შემთხვევაში, ყველა მღვდელი ეზიაროს უფლის ხორცის ბარძიმში ჩაწობით, მხოლოდ ბოლო მაზიარებელმა მღვდელმა მიიღოს ბარძიმის შიგთავსი სრულად.
5. თუკი რომელიმე პიროვნება ავადაა, ან გაციებულია და სიცხე აქვს, რა თქმა უნდა, იგი გათავისუფლებულია ლიტურგიაში მონაწილეობის ვალდებულებისაგან. ძალზე ხანდაზმულ ადამიანებსაც შეუძლიათ, სახლში დარჩნენ და პირადად ილოცონ. მომავალი კვირადღიდან შესაძლებელი იქნება ინტერნეტში პირდაპირი ჩართვით წმ. წირვის ნახვა, მისამართზე: www.youtube.com/ The Media of the Catholic Church in Georgia 12.00სთ-ზე)
6. ავადმყოფებს შეეძლებათ ითხოვონ, რათა მღვდლებმა მათ სახლში მიუტანონ ზიარება. ამ დროს, მღვდლებმა დაიცვან ჰიგიენის ყველა საჭირო ზომა.
7. ეკლესიაში წასვლამდე და ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, მღვდლებმა და მორწმუნეებმა გულმოდგინეთ დაიბანონ ხელები.
8. ეკლესიების დღეობები აღინიშნოს სხვა საკრებულოებიდან მორწმუნეთა მონაწილეობის გარეშე (მაგ.: მოახლოებულია წმ. იოსების დღეობა არალში)
მდგომარეობის განვითარებისდა მიხედვით შეგატყობინებთ შესაძლო სამომავლო მითითებებს შემდგომი დღეებისათვის“, – ნათქვამია მეუფე ჯუზეპე პაზოტოს მიერ გამოცემულ დეკრეტში.

როგორც ალექსანდრა მარგველაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თუ საჭიროება მოითხოვს, შესაძლებელია, დამატებით სხვა წესებიც შემოიღონ.

„ბევრი არ დადის ეკლესიაში, არის გარკვეული შიშები. ვინც დავდივართ, წესებს ვიცავთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები