ტექნიკური უნივერსიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ცენტრი ეროვნული სტანდარტების შემუშავებასა და სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სახანძრო უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“ დაფუძნდა, რომელიც ახალი ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებას უზრუნველყოფს; გარდა ამისა, ზედამხედველობის ინსპექტორებისა და იმ პერსონალის გადამზადებას, რომლებიც ექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე არიან პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

„სახანძრო უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დაფუძნებას წინ უსწრებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ზედამხედველობის ინსპექტორებისა და იმ პერსონალის მომზადება-გადამზადებას, რომელთა პასუხისმგებლობა ექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე ზრუნვაა.

ცენტრის დამფუძნებლები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ აღნიშნა, რომ „სახანძრო უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“, მასზე დაკისრებული მისიით, პოზიტიურ როლს შეასრულებს სახელმწიფოს გაძლიერებისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით. სტუ-ის რექტორის ინფორმაციით, საქართველოში დღეს მოქმედებს 38 ქვეყნის სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმა და სტანდარტი, რომელიც აღიარებულია, მაგრამ არ არსებობს ქართული ნორმები და სტანდარტები.

„სახანძრო უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ ამოქმედება მოგვცემს საშუალებას, მშობლიურ ენაზე გახდეს შესაძლებელი საკანონმდებლო პროექტების მომზადება. შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, თუ უსაფრთხოების რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტი. ტექნიკური უნივერსიტეტი მზადაა, ყველა სტანდარტის დაცვით განახორციელოს ეს მეტად მნიშვნელოვანი პროექტი. აქვე აღვნიშნავ, რომ „სახანძრო უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევით ცენტრს“ უხელმძღვანელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კახა ცეცხლაძე“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, როინ ვარშანიძემ განაცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს პარლამენტში წარსადგენად კანონპროექტს ამზადებს. დოკუმენტის თანახმად, ექსპლუატაციაში შესული შენობა-ნაგებობების მფლობელებს უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების იმ სავალდებულო მინიმუმის შემუშავება დაეკისრებათ, რომლითაც აღნიშნული ფართების შემდგომი მფლობელებისა თუ მასში დროებით მცხოვრები პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია, თუ რამდენად დაცულ გარემოში უწევთ მათ ცხოვრება.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არ გვაქვს სამოქალაქო უსაფრთხოების ნაწილში შესაბამისი სამართლებრივი ნორმები – ის კონკრეტული აქტები, რომლებიც არეგულირებს ქვეყანაში როგორც სახანძრო უსაფრთხოებას, ასევე –  სამოქალაქო უსაფრთხოების სხვადასხვა კომპონენტს. აქედან გამომდინარე, „სახანძრო უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“ არის ერთადერთი პლატფორმა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გვქონდეს ეროვნული ნორმები, რაც მეტად უსაფრთხოს გახდის ობიექტების ექსპლუატაციას და, ასევე, შესაძლებლობას მისცემს ბიზნესის წარმომადგენლებს, დეველოპერებს, არქიტექტორებს, რომ მათ ჩვენს ქვეყანაში არსებული ნორმების საფუძველზე შეძლონ შენობა-ნაგებობების დაპროექტება და თავიდანვე გაითვალისწინონ უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“, – აღნიშნა როინ ვარშანიძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის „სახანძრო უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევით ცენტრს“, სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების გაძლიერების მხრივ, მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება. ცენტრი ითანამშრომლებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლებთან, კერძო და სამოქალაქო პირებთან, დარგის ექსპერტებსა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მოამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს, გაითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებასა და შეიმუშავებს უსაფრთხოების ეროვნულ სტანდარტებსა და ნორმებს.

გარდა ამისა, „სახანძრო უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევით ცენტრის“ ამოქმედებით გაძლიერდება მეორე, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებასა და მათთვის შესაბამისი სერთიფიკატების გაცემას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები