ვახტანგ ჭარაია: ლარი და მთლიანად ეკონომიკა, ფაქტობრივად, კორონავირუსის მძევალია
ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ლარი და მთლიანად ეკონომიკა დღეს კორონავირუსის მძევალია.
ჭარაიამ ლარის კურსსა და ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, გაურკვევლობის მოლოდინი იმდენად ძლიერია, რომ ეს არათუ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ეროვნული ვალუტების გაცვლით კურსებზე თავის გავლენას ახდენს.
„ლარის კურსი დამოკიდებულია როგორც ეკონომიკურ ფაქტორებზე, ასევე – არაეკონომიკურზე. ამჯერად, ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი და მთლიანად ეკონომიკა, ფაქტობრივად , არის კორონავირუსის მძევალი. საზოგადოებას, შესაძლოა, უნდოდეს მეტი სტაბილურობა და ამისთვის გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამდეს თავისი გადმოსახედიდან, მაგალითად, არ ქმნიდეს აჟიოტაჟს მაღაზიებში, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებთან, არ ავრცელებებს პანიკას და თავის წილ პასუხისმგებლობას დებდეს ისევე, როგორც მაგალითად, ბიზნესი, რომელიც არ აძვირებს ფასებს სურსათზე; ასევე, სხვა მთელი რიგი მიმართულებებით ხდება საკმაოდ კოორდინებული მუშობა. მიუხედავად, ამისა, გაურკვევლობის მოლოდინი იმდენად ძლიერია, რომ ეს არათუ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში თავის გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტების გაცვლით კურსებზე. ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ – წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების ეროვნულ ვალუტებსაც, სადაც გაცვლითი კურსები საკმაოდ დიდი მერყეობით ხასიათდება ბოლო დღეების განვალობაში. შესაბამისად, სანამ არ დარეგულირდება ლარის გაუფასურების აჟიოტაჟით გამოწვეული კომპონენტი, მანამდე საკმაოდ რთული იქნება ლარის დაჭერა“, – განაცხადა ჭარაიამ.
ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანია, შექმნილ ვითარებაში ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად ნაბიჯები გადაიდგას.
„საკმაოდ ართულებს სიტუაციას ისიც, რომ ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ფასების სტაბილურობისთვის გაცვლითი კურსის, მეტნაკლებად, შენარჩუნებაა საჭირო, რომ ფასები მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. მეორე მხრივ კი, თუ ჩვენ დავიწყებთ მხოლოდ ლარის გამყარებაზე ზრუნვასა და ამ მიმართულებით ხარჯების განხორციელებას, შევინარჩუებთ რაღაც დოზით გაცვლით კურსს, მაგრამ შესაძლოა, ეს არ იყოს საკმარისი. ჩვენ, ამ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ რას – ერთი მხრივ, გავუჩინოთ საზოგადოებას ფინანსური რესურსი, რომ მათ პროდუქცია შეიძინონ, მეორე მხრივ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება უნდა მოვახდინოთ, რომ არ ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებული. თუ მთავრობა მოახერხებს, რომ კოორდინებული ნაბიჯებით თან წაახალისებს მოხმარებას და თან წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას, ამან შესაძლოა, გარკვეულწილად დაგვიცვას ლარის გაუფასურებისგან გამოწვეული ნეგატიური ეფექტისაგან. მართალია, მათ ვისაც აქვთ ბანკში უცხოურ ვალუტაში აღებული სესხი, ეს ვერ დაეხმარება ცალსახად, მაგრამ თუ მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკას შევაფასებთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტად არა, რომ მთლიანი სზოგადოება და ეკონომიკა იყოს უფრო მოქნილი, ჰქონდეს ფინანსური რესურსი, რომ ხარჯოს, მეორე მხრივ კი ხარჯოს ადგილობრივი პროდუქციის მოხმარებაზე.
ამიტომ, ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ ზომიერი უნდა იყოს ჩარევა გაცვლით კრუსთან მიმართებით, რასაც არ ვიტყოდი 2-3 კვირის წინ, როცა ეს პრობლემა ასე არ იდგა. დღეს უკვე ლარის ცალსახად დაცვას ვერ ექნება ის დამცავი მექანიზმი, რომელიც ჩვენს ეკნომიკას სჭირდება. ეს იქნება დახარჯული რესურსი, რომელიც დაიცვას მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, მაგრამ ბევრად მეტ ადამიანს დატოვებს კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს იმპროტზე, თუ ადგილობრიი პროდუქციის წარმოებას არ შეუწყო ხელი, მაშინ იმპორტირებულსაც ვერ შეიძენს ისეთი მოცულობით, რამდენსაც ყიდულობდა. ამიტომ, საკმაოდ რთული გამოწვევაა, არასტანდარტუილი მდგომარეობაა, მაგრამ მივიჩნევ, რომ ეროვნული ბანკი და მთავრობა ლარს ზომიერად უნდა დაეხმაროს, პარალელურად, უნდა გადადგას ნაბიჯები ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, თუნდაც – სოფლის მეურნეობის მიმართულებთ“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
შეგახსნებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0807 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0807 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0689 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3974 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.3684
ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0290 ლარი შეადგინა.
თამუნა შეყილაძე