მარინა ეზუგბაია: გუდაურიდან, როგორც შესაძლო შემთხვევა სადიაგნოსტიკოდ, ჩვენთან რამდენიმე პირი იქნა შემოყვანილი, თუმცა მათთან კორონავირუსი გამოირიცხა
“ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, გუდაურის შემთხვევასთან კავშირში არ ყოფილან”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გუდაურიდან რამდენიმე პირს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითი იყო.
„ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან, როგორც შესაძლო შემთხვევა, ჩვენთან შემოყვანილ იქნა სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე პირი, თუმცა მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ ნეგატივი იყო“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. ტურისტებს კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, თავიანთ ქვეყანაში დაუდასტურდათ.