მამუკა სალუქვაძე: კორონავირუსთან ბრძოლაში უდიდესია სახელმწიფოს როლი და ფუნქცია, რომელიც პირნათლად სრულდება

ურბანისტი მამუკა სალუქვაძე კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, სახელმწიფო თავის როლსა და ფუნქციას პირნათლად ასრულებს. მისივე თქმით, ახლა საზოგადოებამაც უნდა გამოიჩინოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

“საქართველოში ვირუსთან ბრძოლის პირველმა ეტაპმა, რომელიც ვირუსის გავრცელების შეკავებასა და მაქსიმალურ კონტროლს ისახავდა მიზნად, უდაოდ წარმატებით ჩაიარა და ამას აღიარებს ყველა. ამაზე მეტყველებს არსებული მონაცემებიც (სულ 34 დაინფიცირებული, 1 გამოჯანმრთელებული, 0 გარდაცვლილი). ამ შემთხვევაში, უდიდესი იყო სახელმწიფოს როლი და ფუნქცია და, ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ, პრინციპში, ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად, მან ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულა (უდიდესია ჩვენი ინფექციონისტებისა და მედპერსონალის წვლილი ამ საქმეში). ის, რომ საკუთარ ქვეყანაში, ვერც საქართველოს მთავრობა და ვერც ვერანაირი ხელისუფლება დედამიწაზე, ვერ შეძლებდა ამ ახალი და უცნობი ვირუსით გამოწვეული ეპიდემიის სრულ გაკონტროლებასა და საწყის სტადიაზევე სრულად აღმოფხვრას, გასაგები იყო მათთვის, ვისაც მოვლენებისა და ფაქტების გააზრებისა და გაანალიზების უნარი აქვს. დღეს უკვე გაცხადდა ყველაზე სერიოზული ეტაპის – ვირუსის გავრცელების ეტაპზე გადასვლის შესახებ და აქ, უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის პირადი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება. ცხადდება ერთგვარი “თამაშის წესები”, რომელსაც ან ყველანი ვასრულებთ და შედეგი იქნება დადებითი, ან გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა არ ემორჩილება ამ წესებს და ვაგებთ ყველანი (გავითვალისწინოთ, რომ სასწორის პინაზე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე დევს). სახელმწიფომ უკვე მოიგო დრო პირველ ეტაპზე და დღეს განგვიცხადა, რომ სერიოზული ბრძოლისთვისაა მზად და ამისთვის შესაბამისი რესურსებიც გააჩნია, თუმცა, ისიც აღიარა, რომ წარმატება მხოლოდ საზოგადოებასთან ერთად მიიღწევა. მოკლედ, ასეთია მოცემულობა დღეისათვის და ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ამ მძიმე დღეებში, ჩვენ მაქსიმალურად გავუფრთხილდებით არამხოლოდ საკუთარ თავებს, არამედ ერთმანეთსაც და დავანახებთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა ბევრი ასპექტით, ხოლო ქართველები მებრძოლი და დაუმარცხებელი ხალხი…ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”, – წერს მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები