გიორგი გახარია: „ქართული ოცნება” დააკომპლექტებს მყარ უმრავლესობას პარლამენტში
“პროგნოზებს არ გავაკეთებ პროცენტებზე, ციფრებზე, მაგრამ „ქართული ოცნება” შეძლებს, დააკომპლექტოს მყარი უმრავლესობა პარლამენტში, ამაში დარწმუნებული ვარ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართლ დიალოგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული დემოკრატიის ისტორიაში მსგავსი გამოწვევების ასეთი სახით, კონსენსუსებით გადალახვის გამოცდილება არ არსებობს.
„პოლიტიკა ჩვეულებრივი დიალექტიკაა. არის მმართველი ძალა, არის ოპოზიცია, მაგრამ ამ დიალექტიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ, საბოლოოდ, გამარჯვებული არ დარჩა მოქალაქე. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ამ პროცესში ჩვენ პროგრესი ვაჩვენოთ, რასაც ვაჩვენებთ. მერწმუნეთ, ვინ მოგებულია და ვინ წაგებული, ან ვინ უფრო მეტი მოიგო ან წააგო, ეს ჩვენი მოქალაქის გადასაწყვეტია და ამას არჩევნები გვიჩვენებს სულ მალე”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.