დიმიტრი ხუნდაძე: ეპიდემიასთან დაკავშირებით, ევროპასთან შედარებით, საქართველოში სიტუაცია ბევრად კონტროლირებადია
ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ვითარებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში ისაუბრა.
მისი განცხადებით, ევროპასთან შედარებით, საქართველოში სიტუაცია ბევრად კონტროლირებადია.
„პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენ ყოველდღიურად ვიკრიბებით საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, სადაც ყველა უწყების წარმომადგენლები, ყველა პასუხისმგებელი სამსახურის უფროსები არიან და ხდება არსებული ვითარების შეფასება. ეს შეხვედრები დღეში რამდენჯერმე იმართება და არის სიტუაციის სრული კონტროლი. შეხვედრებზე საგანგებო ვითარების გამოცხადება, ამ დეფინიციით, არ ყოფილა, მაგრამ მისი შემადგენელი ძალიან დიდი ნაწილი განხორციელდა. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანას დავასწარით და სწორედ ამიტომ შედეგი არის სასურველი. ყოველდღიურად ხდება ამ საკითხების განხილვა და რეალობის შეფასება. საგანგებო სიტუაციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტებიც და ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება დასაძლევი – პირველი, არ გავრცელდეს ვირუსი და მოსახლეობის ჯანმრთელობას არ მიადგეს ზიანი და მეორე, კორონავირუსი არა მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით არის ზიანის მომტანი, არამედ ეკონომიკასაც ძალიან დიდ ზიანს აყენებს. შესაბამისად, ჩვენ არ გვინდა, რეგულაციები იყოს იმდაგვარი, რომ შემდგომ შეუქცევადი პროცესები მივიღოთ. ყოველდღიური შეფასების შედეგად ვიღებთ და შემოგვაქვს ახალი და ახალი გამკაცრებული რეგულაციები და ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ეს რეგულაცია იყოს სწორად გაწერილი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ტესტების, ეკიპირების, მედიკამენტების მარაგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად ქვეყანა მუშაობს, რომ 3-4 თვის მარაგი იქონიოს.
„ჩვენ ვიხილავთ ყველა სცენარს, მათ შორის – ყველაზე რთულსაც და ამიტომ ვსაუბრობთ ციფრებზე. იგეგმება დეცენტრალიზაციაც, რომ არ მოხდეს მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე დაწოლა და პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ სწრაფი დიაგნოსტიკის კიდევ უფრო მეტი ე.წ. ტესტი იქნას ქვეყანაში შემოტანილი”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.