სამეგრელო -ზემო სვანეთის ვიცეგუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ვიცეგუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოსტი მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ფარცვანიამ დატოვა.
ფარცვანია ახალ თანამდებობაზე განათლების სამინისტროში დაინიშნა. იგი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს უხელმძღვანელებს.
როგორც ფარცვანიამ „რეგიონულ კვირას“ განუცხდა, აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვისაც მოულოდნელი იყო.
“გადავინაცვლე განათლების სისტემაში, აღნიშნული თანამდებობა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და ახალი გამოწვევაა“, – აღნიშნა ყოფილმა ვიცეგუბერნატორმა.
დავით ფარცვანია განათლებით სამართალმცოდნეა. იგი მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო, ასევე, მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებებში. ფარცვანია ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას 2019 წლის აგვისტოდან იკავებდა.