ზესტაფონის მერი: მოვუწოდებ სურსათზე მოვაჭრე კომპანიებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით
ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე მუნიციპალიტეტში სასურსათო პროდუქტებით მოვაჭრე დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ნუ ისარგებლებენ არსებული ვითარებით და ფასებს პროდუქტებზე ხელოვნურად ნუ გაზრდიან.
მისი თქმით, სპეკულირება, თითქოსდა რომელიმე პროდუქტის დეფიციტია, რის გამოც ფასების მატება გარდაუვალია, არის მტკნარი სიცრუე.
“მოვუწოდებ სურსათზე მოვაჭრე, საბითუმო და საცალო კომპანიების წარმომადგენლებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით, რათა არ მოხდეს სურსათზე ხელოვნურად ფასების მატება. სპეკულირება, თითქოსდა დეფიციტია რომელიმე პროდუქტისა, რის გამოც ფასების მატება გარდაუვალია, არის მტკნარი სიცრუე. ყველა ეს ფაქტი იქნება შესწავლილი და მოხდება სათანადო რეაგირება”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
ზესტაფონის მერი, ასევე, მოსახლეობის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც შესაძლოა, მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი დაიხუროს და აღნიშნა, რომ ეს არის სიცრუე და, დღევანდელი მდგომარეობით, აგრარული ბაზრის დახურვის საშიშროება არ განიხილება.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს – ზესტაფონის მერი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება. ვირუსის პრევენციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები, ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.