საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, პაციენტს ბოლო სამ დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთთან ჰქონდა კონტაქტი.
„ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან ამ დროისთვის წევს დადასტურებული 19 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელმაც საავადმყოფო გუშინ დატოვა.