სოსო რამიშვილი: საგამოძიებო სამსახური შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სოსო რამიშვილის განცხადებით, უწყება ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამსახურის ადმინისტრაციულ შენობასა და რეგიონულ ოფისებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. მუდმივად ხორციელდება თანამშრომელთა ინფორმირება ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების შესახებ და მაქსიმალურად უზრუნველყოფილია მათი დაცვა.

რისკ-ჯგუფში შემავალ პირებთან შესაძლო კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანლის გადაწყვეტილებით, დროებით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი (კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთაც შეუძლიათ სამსახურებრივი საქმიანობის დისტანციურ რეჟიმში განხორციელება სახლიდან გაუსვლელად).

პრევენციული ზომების განსახორციელებლად, საგამოძიებო სამსახური დროებით გადავიდა კორესპონდენციის წარმოების დისტანციურ მეთოდზე. მიმდინარე წლის 1-ელ აპრილამდე საგამოძიებო სამსახურში განცხადებებისა და სხვა სახის კორესპონდენციის მიღება განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ელ. ფოსტა is@.mof.ge).

არასწორი ინტერპრეტაციის, ან გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, თანამშრომლებს დამატებით განემარტათ, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას, ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას და რომ მათ უნარჩუნდებათ შრომის ანაზღაურება.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანლის განმარტებით, ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება არ შეაფერხებს სამუშაო პროცესს. საგამოძიებო სამსახური კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები