შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს ხუთი პირი: 1972 წელს დაბადებული ნ. ქ, 1975 წელს დაბადებული შ.ი, ასევე, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი – 1980 წელს დაბადებული მ.კ, 1989 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1985 წელს დაბადებული გ.თ.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულთა პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ და 33 აბი „მეტადონი“ (მარილი).
„სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, რამდენჯერმე განხორციელდა ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების პროცესის ფარული აუდიოვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი, მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.