ჩვენი ამოცანაა, პოსტკრიზისულ პერიოდში, მალევე მოვახდინოთ ეკონომიკის შემობრუნება იმ ნიშნულზე, რომელზეც ამ დრომდე ვიყავით და ეს ნიშნული საკმაოდ სოლიდური იყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში” განაცხადა.
მისი თქმით, საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში დაწესებული საგადასახადო შეღავათები ტურისტული სექტორისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.
„საუბარია 18 000-მდე სუბიექტზე, აქედან ლომის წილი სასტუმროებს უკავიათ, მაგრამ ასევე, არის კაფეები, რესტორნები და სხვა ტიპის ორგანიზაციები. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ პროგრამის მნიშვნელობას, რომლის საშუალებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას მიიღებენ.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს პროექტი შეეხება ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 2 000 სასტუმროს, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიიღოს.
„ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს ბანკების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი გეგმები და ვთხოვეთ, წარმოედგინათ წინადადებები, რისი გაკეთება შეეძლოთ. მათი ინიციატივა, ასევე, ძალიან მისასალმებელია და გულისხმობს 3 თვით სესხის გადავადებას არა მარტო ამ ბიზნესისთვის, არამედ ფიზიკური პირებისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები ფიქსირდებოდა.
„ჩვენ, ბოლო ორი წელი ვიზრდებოდით არანაკლებ 5 პროცენტისა. მიმდინარე წლის იანვარშიც ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვქონდა. გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტი. წელი საკმაოდ ოპტიმისტურად დაიწყო, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. დღეს ვართ ამ სიტუაციაში და ყველა ჩვენი ინიციატივა მიმართული იქნება მოსალოდნელი შედეგების მინიმიზაციისკენ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, აქტიურად გაგრძელდება დღგ-ის დაბრუნების პროცესი და წელს დასაბრუნებელი თანხები გაორმაგდება.
„ეს დამატებითი სტიმული იქნება ბიზნესისთვის და ამ შემთხვევაში, ეს შეეხება მთლიანად ბიზნესსექტორს. სწორედ ასეთი მასიური დღგ-ის დაბრუნება, რომელიც იქნება მიზნობრივი, ფოკუსირებული და მოიცავს ყველა სექტორს, იქნება დამატებითი სტიმული ეკონომიკისთვის. ყველაფერი ეს იმუშავებს კრიზისის შემდგომ პერიოდში. დღეს, ყველა ეკონომისტი, ევროპული სახელმწიფოს მთავრობათა მრჩეველი ეკონომიკის დარგში ამბობს, რომ პირველი რიგის ამოცანაა, არ მივცეთ ამ ვირუსს გავრცელების საშუალება, ჯანდაცვის სისტემა იყოს მდგრადი, არ მივიღოთ სოციალური, ჰუმანიტარული კრიზისი, რომლის მოწმენიც ჩვენ, პრაქტიკულად, ვართ. შესაბამისად, სწორედ ეს არის რიგით პირველი ამოცანა. ყველაფერი დანარჩენი ემსახურება ამ პროცესის შემდგომ პერიოდს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.