ლაბორატორიაში, სადაც კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევა დაიწყო, ქუთაისის მერი იმყოფებოდა
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე, ნინო თვალთვაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში მივიდნენ. ისინი იმ ლაბორატორიის მუშაობის პროცესს გაეცნენ, სადაც 12 მარტიდან, ლუგარის ლაბორატორიის პარალელურად, იმავე ტესტებითა და მეთოდებით, კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევა დაიწყო.
ამ პროცესისთვის გასულ კვირაში ლაბორატორიის თანამშრომლები ლუგარის ლაბორატორიაში საგანგებოდ გადამზადდნენ. ასეთივე კვლევები დაიწყო ბათუმშიც.
გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში 8 პაციენტი იქნა შემოწმებული შესაძლო კორონავირუსულ ინფექციაზე და რვავე პასუხი უარყოფითია.
“უმნიშვნელოვანესია, რომ ლაბორატორიული კვლევები კორონავირუსულ ინფექციაზე უკვე ქუთაისშიც დაიწყო. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად, ოპერატიულად და ნაკლები დანახარჯით მოხდეს მოქალაქეთა გამოკვლევა და შემდეგ შესაბამისი ზომების მიღებაც. სასიხარულოა, რომ დღემდე ქუთაისში არ დაფიქსირებულა კორონავირუსის გამოვლენის არცერთი ფაქტი. უარყოფითი იყო ამ ლაბორატორიაში ჩატარებული 8 კვლევის პასუხიც. დიდი იმედი გვაქვს, რომ, ასეთი კოორდინებული და ეფექტური მუშაობით, COVID 19-ს გავუმკლავდებით“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.