გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1953 წელს დაბადებულმა მამაკაცმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, პირი საქართველოში გერმანიიდან 7 მარტს დაბრუნდა, რა პერიოდშიც მას თვითიზოლაციის წესების დაცვა არ მოსთხოვეს, შესაბამისად, მამაკაცი უპრობლემოდ გადაადგილდებოდა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელი აცხადებს, გერმანიიდან დაბრუნებულ პირს თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ მომდევნო დღეებში ესაუბრა, რაც მამაკაცმა არ გაითვალისწინა და პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო, რადგან ის გურჯაანის “ჯეო-ჰოსპიტალში” ყელ-ყურ ცხვირის ექიმთან მივიდა.
“პირადად ვესაუბრე, ავუხსენი, რომ მისი თვითიზოლაცია აუცილებელი იყო, მაგრამ არ გაითვალისწინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გურჯაანის საავადმყოფოში მივიდა. მას ინსულტი აქვს გადატანილი და ყელი აწუხებდა. პიროვნებას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ აქვს”, – განაცხადა მარინა კაპანაძემ.
მამაკაცი, თვითიზოლაციის წესების გაუთვალისწინებლობის გამო, კარანტინში იქნება გადაყვანილი.