“ადვოკატებს მუშაობის უფლებას ვერ შევუზღუდავთ” – იმყოფებოდნენ თუ არა თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატები პროცესზე
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სამუშაო პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეს პროცესზე, სავარაუდოდ, თვითიზოლაციაში მყოფი ორი ადვოკატი გამოცხადდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობიამ გაავრცელა. შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულმა კვირამ“ როგორც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ასევე, ადვოკატთა ასოციაციაში გადაამოწმა, თუმცა ორივე ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
“ჩვენ არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, თუ სასამართლომ მოგვმართა, ამის შემდეგ გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას, თუმცა, ამ ეტაპზე, მათი სახელი და გვარებიც კი არ ვიცით. ჩვენ ადვოკატებს მუშაობის უფლებას ვერ შევუზღუდავთ“, – განუცხადეს “რეგიონულ კვირას“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა. ჯანდაცვის სამინისტრო საფრთხეებზე საუბრობს და კორონავირუსით დაავადებულთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს.