“საქართველოსადმი დასავლეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა“

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნაყოფიერი უწოდა სამი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებს. მისი თქმით, გერმანია მნიშვნელოვანი ქვეყანაა და სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან არ ჰქონდა ინტენსიური თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამართულ შეხვედრებზე სწორედ გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე და უახლოეს ხანებში გერმანიაში ვიზიტზე ისაუბრეს. ასევე, ისაუბრეს მოახლოებულ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია. გარდა ამისა, შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილეს უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებზე. “საქართველო მართლაც გამორჩეული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ პრაქტიკულად ჩააგდო და მათ ვერ შეძლეს ბოლომდე მიეყვანათ წამოწყებული საქმე, მაგრამ საქართველო რჩება ლიდერ ქვეყნად აღნიშნულ პროექტში” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-ს მხრიდან ყოველთვის იგრძნობა მხარდაჭერა, ისინი პოზიტიურად აფასებენ საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებს და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას. ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ იგი ელოდება რეალურ ნაბიჯებს და მინიშნებებს, იმის შესახებ, თუ რამდენად დაჩქარებულად წავა ევროპასთან და და ნატო-სთან საქართველოს ინტეგრაცია. პრემიერის განცხადებით, ბრიუსელში გაიმართება შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონთან, ევროკომისრებთან სესილია მალმსტრომთან და შტეფან ფულესთან. პრემიერი ასევე შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს. დაგეგმილია საქართველო-ნატოს ერთობლივი კომისიის სხდომა. პრემიერმა რუსეთთან სამომავლო ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ გერმანია, მთლიანად ევროკავშირის ქვეყნები და აშშ მიესალმებიან საქართველოს ახლი მთავრობის ღიად გაცხადებულ მიდგომას – რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატს . “ის რადიკალური მიდგომა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა რუსეთთან მიმართებაში აბსოლურუტად საზიანო იყო, რუსეთმაც დაიწყო კონსტრუქციული ნაბიჯების გადმოდგმა საქართველოსთან მიმართებაში, რაც რუსეთის დუმის წარმომადგენელმაც აღნიშნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნორმალურ ჩარჩოებში უნდა დავაბრუნოთ ურთიერთობები, მაგრამ პრინცპულები დავრჩებით მთავარ საკითხში – ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და სწორედ ეს იქნება საქართველოსა დარუსეთის შორის შეთანხმების მთავარი თემა” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ამ მოლაპარაკებებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გერმანიის, ისე მთლიანად ევროკავშირის და აშშ-ს როლს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები