ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, მაქსიმალურად შეზღუდონ საერთაშორისო მოგზაურობები
“განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კარანტინისა და თვითიზოლაციის დაცვას და, ასევე, მთავარი რეკომენდაციაა, განსაკუთებით კი ამ პერიოდში, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ძალაში რჩება ის რეკომენდაციები, რომლებსაც ხშირად ვაჟღერებთ: პირველი – ყველას ვთხოვთ მაქსიმალურად შეზღუდონ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობაა არაა, საერთოდ საერთაშორისო მოგზაურობები, არა მარტო ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, არამედ საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენები ხშირად მოგზაურობენ დასავლეთ ევროპაში და იქ სიტუაცია სამწუხაროდ უფრო იძაბება, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში და ასე შემდეგ. ჩვენი რეკომენდაციაა და მთავრობამაც მიიღო ეს რეკომენდაცია და შეამცირა მაქსიმალურად მივლინებები და საერთაშორისო მგზავრობები.
მეორე რეკომენდაცია ისევ და ისევ ძალაშია, რომ ჩამოსული ადამიანები, განსაკუთრებით იმ 4 დასენიანებული ქვეყნიდან, აუცილებელია, რომ მოთავსდნენ, შესაბამისად, კარანტინში ან თვითიზოლაციაში, თუ მათ აქვთ შესაბამისი პირობები და აუცილებელია, რომ საზღვარზე, თუ მათ აქვთ რამე სიმპტომები, როგორიც არის ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებლად გაამჟღავნონ ეს შესაბამისი სკრინინგის დროს და ისინი იქნებიან გადაყვანილი ინფექციურ საავადმყოფოში შემდგომი დიაგნოსტიკისა და კვლევებისთვის. ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კარანტინისა და თვითიზოლაციის დაცვას. მთავარი რეკომენდაციაა, ამ პერიოდში და საერთოდ, განსაკუთებით კი ამ პერიოდში, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.