მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიცია საბაბს ეძებს, რომ შეთანხმებიდან გავიდეს, ეს მისი პოლიტიკური რისკია
“თუ ოპოზიცია საბაბს ეძებს, რომ იმ შეთანხმებიდან გავიდეს, რომელიც ვითომ, პირველ დღეს გაუხარდათ და იზეიმეს, ეს მათი პოლიტიკური რისკია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეულ შეთანხმებას ჩაშლის არანაირი საფრთხე ემუქრება.
„ეს ასე ხდებოდა ადრეც და ეს ასე უნდა მოხდეს მომავალშიც. წააკითხონ ის, რაც შავით თეთრზე დაიწერა. ამის იქეთ შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ იმ შეთანხმებიდან გავიდნენ, რომელიც ვითომ, პირველ დღეს გაუხარდათ და იზეიმეს, ეს მათი პოლიტიკური რისკია. შემდეგ ელაპარაკონ ქართულ საზოგადოებასა და უცხოელ პარტნიორებს, რომელთა დიდი ძალისხმევით მოხდა ამ შეთანხმების მიღწევა.
წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ოპოზიცია შეთანხმებიდან რაღაც მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით გავიდეს. ამას ვერ შეძლებენ და თუ შეძლებენ, პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან. თუ მათი მიზანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში 70-80 პროცენტი აიღოს, ღმერთმა გაუმარჯოთ, ამ ლეგიტიმაციას ჩვენ ბოროტად არ გამოვიყენებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
8 მარტს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.