ზვიად ძიძიგური: ამ შეთანხმების შედეგად შესაძლებელია, კარგი და პოზიტიური არჩევნები ჩატარდეს

“მიმაჩნია, რომ კარგი და პოზიტიური არჩევნები შესაძლებელია, ჩატარდეს ამ შეთანხმების შედეგად”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა, „კონსერვატიული პარტიის“ თავჯდომარე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

ძიძიგური საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ორპოლუსიანი საარჩევნო სისტემის ნაცვლად, საარჩევნო ველზე სხვა პოლიტიკური აქტორები ვიხილოთ.

„ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა, მომხდარიყო ამ პროცესებში, რომელსაც ყველა ვადევნებდით თვალ-ყურს, იქნებოდა შეცდომაში გაჯიუტება. საბედნიეროდ, ხელისუფლებამ ეს დაინახა და წავიდა კომპრომისზე, რაც არის ძალზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არჩევნები არა აჟიტირებულ და ისტერიულ ფონზე ჩატარდეს, არამედ ჩატარდეს ჩვეულებრივ საარჩევნო ვითარებაში. ეს მისცემს პარტიებს შესაძლებლობას, ამომრჩეველს ელაპარაკონ თავიანთი გეგმების, პროგრამის, მიზნების შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ, ორპოლუსიანი საარჩევნო სისტემის ნაცვლად, ჩვენ ვიხილოთ სხვა პოლიტიკური აქტორები საარჩევნო ველზე.

რაც შეეხება თავად შეთანხმებას – ეს ნამდვილად კომპრომისული ვარიანტია იმიტომ, რომ სანამ ჩავარდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები, ოპოზიცია, თქვენ იცით, რომ ელოდა სრულად პროპორციულ არჩევნებს. მაგრამ, არის 120/30-ზე. არის გადაზღვევა 40 %-იანი ბარიერის სახით, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც გარკვეული რაოდენობის პროცენტების მხარდაჭერას არ მოიპოვებს, ვერ დააკომპლექტოს მთავრობა მარტომ. ესეც, მე ვფიქრობ, დემოკრატიული განვითარებისთვის წაადგება ჩვენს ქვეყანას.
კანონმდებლობა, რომელიც შესთავაზა, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ოპოზიციას, იძლევა სრულიად დემოკრატიულად არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებას. 1%-იანი ბარიერი ნიშნავს, რომ იმ პარტიებისთვის, რომელთაც აქამდე არ ჰქონდათ არც რესურსი, არც საშუალება, შეჯიბრებოდნენ ისეთ პარტიებს, რომელთაც ძალიან დიდი ფინანსური შესაძლებლობები, ძალიან დიდი სერიოზული სატელევიზიო მხარდაჭრა აქვთ, უკვე გაჩნდა სივრცე, სადაც შეუძლიათ, აქტიუად მიიღონ პოლიტიკურ პორცესებში მონაწილეობა. ეს გამოიწვევს პოლიტიკური ველის დივერსიფიკაციას. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. მიმაჩნია, რომ კარგი და პოზიტიური არჩევნები შესაძლებელია, ჩატარდეს ამ შეთანხმების შედეგად”, – განაცხადა ძიძიგურმა.
ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება 8 მარტს შედგა.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, 1 %-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები