ზაზა გაბუნია: ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს საზომი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთასა და ბარში ცხოვრობენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს, პარლამენტის წევრების მხრიდან შეფასებები გაკეთდა. სამინისტროს საქმიანობის ანგარიში, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ შეაჯამა. დეპუტატმა მინისტრსა და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უწყების მიერ შესრულებული სამუშაოები ციფრებსა და რიცხვებში აისახება, რომლის საზომიც საქართველოს მოსახლეობაა.
„ციფრები და რიცხვები გრანდიოზულია, მეტიც – უპრეცედენტოც! თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლავთ საზომი. ეს არ არის მხოლოდ ციფრებსა და რიცხვებში გასაზომი სამუშაო რადგან საზომი არის ადამიანი, რომლისთვისაც ხორციელდება ეს საქმე, რომელსაც მთავრობის სახელით რეგიონული განვითარების სამინისტრო აკეთებს. ამ სამუშაოს საზომი არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის მთასა და ბარში, ადამიანები, რომლებიც “მთის კანონის” მოქმედების შედეგად დაუბრუნდნენ საკუთარ ისტორიულ კერას. ადამიანები, რომლებმაც წამოიწყეს სამეწარმეო საქმიანობა, რომლებიც დაკავებულნი არიან საგანმანათლებლო მოღვაწეობით. ეს პროექტები უკავშირდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამაგრებენ მთასა და ჩვენს საზღვრებს. ხოლო სახელმწიფო მუშაობს იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული თვალსაზრისით მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემო, ახალი და დამოუკიდებელი შემოსავლებისთვის სხვადასხვა პროგრამა, რომლებშიც ჩართულები არიან და დღეს ასობით „მაღალი მთის” სტატუსის მქონე საწარმო მუშაობს ამისთვის და ამის შედეგად”, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკა შეაფასა და მისი მნიშვნელობა აღნიშნა. მისი განცხადებით, ქვეყნის სატრანსპორტო-ლოჯისტიკური და ეკონომიკური პოტენციალის ზრდისთვის უწყება მიზანმიმართულ ღონისძიებებსა და შესაბამის პროექტებს ახორციელებს. ყოველივე ეს კი, საინვესტიციო თვალსაზრისით, ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ზაზა გაბუნია სამინისტროსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებულ თანამშრომლობის მიმართულებებსაც შეეხო და საკანონმდებლო ინიციატივებზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„როცა საკანონმდებლო ინიციატივებზე ვსაუბრობ, არ შემიძლია, არ შევეხო სამუშაოს, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტრომ წამოიწყო და ახლა პარლამენტში გადმოინაცვლა. ის გულისხმობს 180 კანონის, პრაქტიკულად, მთელი ეროვნული კანონმდებლობის თვითმმართველობის კოდექსთან ჰარმონიზაციას. ეს საკანონმდებლო სამუშაო გულისხმობს, მათ შორის, თვითმმართველობებისთვის კონსტიტუციის დონეზე შექმნილი გარანტიების საკანონმდებლო აქტებში ასახვას”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ. მანვე სამომავლო გეგმებზე საუბრისას “მთის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებსა და დეცენტრალიზაციის რეფორმაზე ისაუბრა და მათი მნიშვნელობა შეაფასა.
„რეგიონების განვითარებისთვის და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის მუნიციპალური, კულტურული, ტურიზმის, სპორტის, განათლებისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება. და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი გახლავთ ყოველდღიური სამუშაო. ყოველდღიური ძალისხმევის საგანი და, როგორც ვხედავთ, ამ ძალისხმევას აქვს თავისი შედეგები”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.