ივანე მაჭავარიანი: მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ მიღებული არ არის. როგორც მან აღნიშნა, სჯობს, საქარველოში შემოსული ადამიანების მონიტორინგი მოხდეს, ვიდრე – ფრენები შეწყდეს.
„ფრენების შეწყვეტის საკითხი, პრაქტიკულად, ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია. კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ, რეალურად, რისკები მაინც დარჩება, შეიძლება, სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაცული, საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები, რაც ძალიან ძვირი დაჯდება.
ჩვენ ვუყურებთ, რა პრაქტიკაა იქ, როგორ იცავენ თავს, რამდენად ძლიერია კონტროლი საზღვრებზე და გვირჩევნია, უფრო ამ გზით ვიაროთ, რომ ინდივიდურად შევამოწმოთ. ვნახოთ, რისკები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ აქ ჩამოსული ადამიანების, რომ მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.